საქორწილო თაიგული, პატარძლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომლის განსაკუთრებული ვიზუალი, სრულ სურათს ყოველთვის აგვირგვინებს. ამიტომ, ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ და ამზადებენ. საქორწილო თაიგულებს ახასიათებს ტრენდულობა წლის, სეზონის და ზოგადი ტენდენციების მიხედვით. ბოლო პერიოდში კლასიკური საქორწილო თაიგულები, ტრადიციული ყვავილებით და დეკორატიული მცენარეებით, გაცილებით უცხო, ერთი შეხედვით უცნაურმა მცენარეებმა ჩაანაცვლა. თანამედროვე პატარძლები, ადვილად იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს და შედეგიც ყოველთვის განსხვავებული და მშვენიერია.
საყოველთაოდ აღიარებული ე.წ. "ქორწილების სეზონი" - შემოდგომა მიილია, რომელიც არამხოლოდ თაიგულის, არამედ ქორწილის დეკორაციის მრავალფეროვნებისთვის, ფერთა უსასრულო პალიტრას გვაძლევს და ზამთრის სეზონში, ქორწილების რაოდენობა იკლებს, მაინც ვხვდებით ძალიან ბევრ წყვილს, რომელიც დაქორწინებას და ქორწილის გადახდას სწორედ მკაცრ, ცივ, მაგრამ ძალიან ლამაზ სეზონზე ამჯობინებს. ფოტოსესია თოვლის და თოვლიანი მთების ფონზე, პატარა, თბილი გარემო ქორწილის საღამოს წვეულებისთვის და გამძაფრებული სადღესასწაულო განწყობა - ეს ის ბენეფიტებია, რომელსაც ზამთრის ქორწილები იძლევა.
როგორი უნდა იყოს საქორწილო თაიგული ზამთრის სეზონზე, ამის შესახებ ყვავილების სალონ "მონტაგოს" დამფუძნებელი და დიზაინერი მონიკა ქობულაძე, რომელიც წლებია პატარძლების მთავარი აქსესუარის გამორჩეული დიზაინის შექმნაზე ზრუნავს, გვესაუბრება, თუ როგორი უნდა იყოს ზამთრის საქორწილო თაიგული, სეზონის და ბოლო წლის ტენდენციების მიხედვით.
"- საქორწილო თაიგულების ვიზუალურ მხარეს და სტილს, სეზონთან ერთად, ქორწილის დეკორის მთავარი ხაზიც განსაზღვრავს, თუმცა ყველაზე მთავარი, მაინც პატარძლის ჩაცმულობაა. ფერების და მცენარეების ტრენდს რაც შეეხება, ამ სეზონს შემოდგომის ფერებიც შემოერევა, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მაინც თეთრი თაიგულებია, იშვიათი მწვანე დეკორატიული ჩანართებით.
ბოლო წლების მაგალითით, გარდა კლასიკური, პოპულარული თეთრისა, აქტიურად გამოიყენება ე.წ. მშრალი დეკორები(მოჩალისფრო მცენარეები). სწორედ ამ ტიპის თაიგულებია გაცილებით პოპულარული და აქტუალური ბოლო წელს. ძალიან მოთხოვნადია არაორდინალური თაიგულები, რომლებსაც პატარძლები გაცილებით თამამად ირჩევენ, განსხვავებით წინა წლებისა, როცა მათი მოთხოვნა და სურვილი, თეთრი ვარდების თაიგული იყო."
როგორი უნდა იყოს ზამთრის ქორწილის შესაბამისი თაიგული, მათ შორის "მონტაგოს" პროდუქცია დაათვალიერეთ გალერეაში:
კომენტარები