Добавление компании

ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა

8592

14 მნიშვნელოვანი წესი ქორწინებიდან ქორწინებამდე .

 

თამუნა მატათაშვილმა თავის რჩეულზე, გოგა ერაძეზე პირველად 14 წლის წინ  იქორწინა. ქორწილი ვიწრო წრეში რამდენიმე მეგობრის თანხლებით აღნიშნეს. თამუნა საკურთხევლამდე ყავარჯნით მივიდა და აქედან დაიწყო მისი არასტანდარტული ქორწილების სერია ,რომელიც  წლებია დიდ  დღესასწაულად იქცა  მეგობრებისთვის და ახლა უკვე მათი  შვილებისთვისაც.  

წესი #1.

საკურთხეველთან ყავარჯნით  მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს. შემეძლო დაქორწინება გადამედო და დავლოდებოდი რეაბილიტაციის პერიოდს მანამ, სანამ ისევ თავისუფლად შემეძლებოდა გადაადგილება, მაგრამ სწორედ მაშინ შევიმუშავე პირველი წესი: თუ გულით გსურს რაღაც, დამაბრკოლებელი გარემოებები მხოლოდ ფაქტებია და არა ორიენტირი, რომელსაც უნდა დაეყრდნო და გეგმები შეაცვლევინო!  

წესი #2

პირველი საქორწინო ცერემონია  განაჩენი არ არის.მუდმივად შეგიძლია დაკორექტირება და ისეთი ქორწილის გადახდა, როგორიც გინდა. ქორწინების იუბილე ზუსტად ისეთ მხიარულ ყოველწლიურ დღესასწაულად შეგიძლია აქციო, როგორიცაა დაბადების დღე. ყველაფერი წყვილის სურვილზეა დამოკიდებული.

 

წესი#3

ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, ქორწინების იუბილის თეთრი კაბით გადახდა პასუხისმგებლობების შესახსენებლად მჭირდება თუ არა. მე კი ვპასუხობ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ   რა პრიზმაში გვინდა დავინახოთ. ეს დღე პასუხისმგებლობებთან  ერთად განა სიყვარულის ხელახლა შეფიცვის უზენაესოებასაც არ გულისხმობს? მე ყოველ ჯერზე ზუსტად ისე მიკანკალებს   მუხლები როგორც მაშინ , როცა პირველად დავთანხმდი  გოგას ცოლობაზე ...  

 

 

წესი#4

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ეტაპის ადეკვატურად აღქმა, რა ეტაპზეც იმყოფებით. ზოგიერთ წყვილს (უმეტესად,ახლადშექმნილ ოჯახებს) აქვთ ხოლმე განცდა, რომ მათი თანაცხოვრება მხოლოდ რუტინისგან შედგება და ისეთი  ყოფითი საკითხები, როგორიცაა ,,პური,ზეთი,საპონი,ტუალეტის ქაღალდი’’ ,,ჭამს’’ რომანტიკას. ასე ფიქრი საშიშია,მეგობრებო! აუცილებელია იმის გააზრება, რომ ქორწინებაშიც ვერ გავექცევით ყოფით თემებზე ზრუნვას, და ეს ქორწინებას კი არ ,,ჭამს’’, არამედ ორგანიზებულს ხდის. 

წესი #5

,,პური,ზეთი,საპონი,ტუალეტის ქაღალდის’’ გარდა უნდა არსებობდეს სხვა მნიშვნელოვანი სასაუბრო თემები და მოვლენები თქვენს ცხოვრებაში. ერთად უნდა შეიქმნას და დაგროვდეს ბევრი საინტერესო ამბავი და ქორწინებაში წყვილი გაიზარდოს.

წესი#6

წყვილებისგან ზოგჯერ  მსმენია ,,მე შენ ცხოვრება შემოგწირე’’ სამდურავი. არადა მტკიცედ მჯერა, რომ  არავინ ითხოვს მსხვერპლად შეწირვას და მით უმეტეს, შემდეგ ამაზე წლობით გოდების მოსმენას.მეორე ნახევარს სჭირდებით გაფურჩქნილი, ბედნიერი და არა ,,შეწირულ’’ წლებზე სახე ჩამოხოკილი. მნიშვნელოვანია სწორი პოზიციონირება და განსაზღვრა იმისა,რომ გარდა წყვილისა, თქვენ კვლავ რჩებით ინდივიდებად, საკუთარი სურვილებითა და მისწრაფებებით. ამიტომაც იზრუნეთ მათ გამოვლენასა და განვითარებაზე.  

წესი#7

 

ბავშვების ყოლა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც წყვილი იღებს. თუმცა, ამ ეტაპზეც მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ ბავშვები არ გახდეს საზრუნავი და არ დაკარგონ მათ წყვილში ფუნქციები. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ  როცა ბავშვები  იზრდებიან და მშობლებისგან ზრუნვა აღარ  სჭირდებათ, წყვილს აღარაფერი აქვს ერთმანეთთან სასაუბრო და განსახილველი.  

წესი#8

მნიშვნელოვანია ფინანსური ვალდებულებების გადანაწილებაც, რომ რომელიმე მხარეს ტვირთად არ ექცეს ქორწინება და არ მოუწიოს ამ ვალდებულებების გამო ისეთი მძიმე ჯაფა,რომ გამორჩეს ქორწინების სხვა, ბედნიერი მომენტები...

წესი#9

მნიშვნელოვანია წყვილს  ჰქონდეს საერთო ინტერესები და ჰობი, ამასთან, ერთად შეიძინონ ახალი უნარები, ერთად აღმოაჩინონ ახალი მხარეები.

მე და გოგა სოკოს საკრეფად დღემდე ერთად დავდივართ,ვცეკვავთ,უქმეებზე ბავშვების გარეშეც დავხეტიალობთ,საერთო მეგობრებთან ერთად წვეულებებს ვმართავთ... რაც მთავარია,  ამ 14 წლის მანძილზე ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ ერთად.

წესი#10

ქორწინების  პერიოდული ანალიზი შეიძლება მოსაწყენ, არასაჭირო წესად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ძალიან ეეფქტურია. ანალიზიც მეორე ნახევრის ,,შეცდომებზე ‘’ ან ,,უკეთესად შეეძლო’’ ვარიანტებს კი არ დააფუძნოთ, არამედ საკუთარი თავის პოვნას ბედნიერი ქორწინების შკალაზე. თქვენ რა შეგეძლოთ უკეთ გაგეკეთებინათ? რა არის თქვენი კონტროლის ზონაში?  რას შეცვლით?

წესი#11

თუ ქორწინებაში არ არის სიხარული, მაშინ ის ხელმოწრილი ფურცლების დასტაა და სხვა არაფერი. შექმენით  სასიხარულო მომენტები! გაიმდიდრეთ საკუთარუი თავი სიბრძნით,სიმშვიდით,სიყვარულით და შემდეგ გაუზიარეთ ის თქვენს მეორე ნახევარს.

წესი#12  

ნელ-ნელა დავუბუნდეთ საწყისს. როცა ქორწინების იუბილე მოდის, გულწრფელად უპასუხეთ შეკითხვას: ,, ახლა რომ არჩევანი მქონდეს, მასზე ისევ დავქორწინდებოდი?  თუ პასუხი დადებითია ,გილოცავთ!  თუ უარყოფითია, შანსი ჯერ კიდევ არის,  თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ და შეცვლით თქვენს მიერ მონიშნულ წერტილს ქორწინების შკალაზე.  

წესი #13

ბედნიერი ქორწინების გარანტია არის იმ ილუზორული მოლოდინებისგან განთავისუფლება, რომელიც დაქორწინებამდე აქვთ  ხოლმე წყვილებს. ან მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის და ნუ გექნებათ იმედი, რომ ქორწინებაში მის შეცვლას მოახერხებთ, ან არ დაქორწინდეთ მასზე. თუ ვინმეს შეცვლა შეგიძლიათ - ეს მხოლოდ საკუთარი თავია!  

 

წესი#14

დაივიწყეთ ყველა წესი,  რაც აქამდე დავწერე ან სადმე სხვაგან ოდესმე ამოგიკითხვათ!  შექმენით თქვენი, მხოლოდ  თქვენს წყვილზე მორგებული წესები...

 

 

მოამზადა : თამთა ჯინჯოლავამ  

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4793

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5225

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый