Добавление компании

საქორწინო კონტრაქტების რიცხვი საქართველოში

3984

  ვარაუდობენ  რომ ნიდერლანდელი  მხატვრის იან ვან ეიეკის ,,არნოლფინების ოჯახის პორტრეტი''  საქორწინო კონტრაქტის აღმწერი პირველი ნახატია. საგულისხმოა ნახატში სარკის ზემოთ არსებული წარწერა, რომელზეც იკითხება: ,, აქ იყო იან ვან ეიეკი.'' მე-15 საუკუნეში ქორწინების დაკანონება სახლებში უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ეკლესიაში, მაგრამ ორი მოწმის ყოლა სახლშიც აუცილებელი იყო. ივარაუდება  რომ  ეს წარწერა/ხელმოწერა სწორედ მოწმედ ყოფნას გულისხმობს. 

 


  წერილობითი სახით დადებულ საქორწინო კონტრაქტებს კი ძალიან დიდი ისტორია აქვს.მკვლევრები დღემდე ვერ თანხმდებიან უძველესი საქორწინო კონტრაქტის თარიღზე.ზოგი მკვლევარის აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 449 წლის 9 აგვისტოთი დათარიღებული პაპირუსი, რომელიც ანანიის და ტამუტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, პირველ ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ზოგი წყაროს მიხედვით, ებრაული კეთუბეხსია უძველესი,რომელიც გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფის პირობებს აზუსტებდა. ზოგიც  საქორწინო კონტრაქტების ,,სამშობლოდ'' აშშ-ს (1905-1915 წწ) მიიჩნევს.


  სადავო თარიღის მიუხედავად, ჩვენს საუკუნეში საქორწინო კონტრაქტები უფრო და უფრო კომფორტული ხდება არამხოლოდ ქონებრივი ვალდებულებების განსასაზღვრად, არამედ სხვა , უფრო ფართო ხასიათის ვალდებულებების გადასანაწილებლად. კონტრაქტი ერთგვარი დაზუსტებაა იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს აღსრულებული  საქორწინო ხელშეკრულება. 
 საქართველოს კანონმდებლობაში საქორწინო კონტრაქტის ლიტერალური ფორმით დადება პირველად 1997 წელს გახდა შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით კი : 


1. საქორწინო კონტრაქტი ფორმდება ნოტარიუსთან და ის ერგება წყვილის
მოთხოვნებს არსებულ ან სამომავლო ქონების მფლობელობაზე.


2. საქორწინო კონტრაქტი შესაძლებელია გაფორმდეს ქორწინებამდე, თუმცა ძალაში შევა მხოლოდ ქორწინების დარეგისტრირებისას. ასევე, წყვილებს შეუძლიათ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში გააფორმონ ის.


3. კონტრაქტში ცვლილება ან მისი გაწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება და ეს
უკანასკნელი არ იწვევს ქორწინების შეწყვეტას. 


საქართველოში რეგისტრირებული საქორწინო კონტრაქტების უმრავლესობა შერეულ წყვილს აქვს, ანუ როცა ერთ-ერთი მექორწინე უცხოელია. ქართული ცნობიერებისთვის საქორწინო კონტრაქტი  ქორწინების რეგულირება ან გაყრის შემთხვევაში ე.წ. დამცავი მექანიზმი კი არა,  მეუღლის სიყვარულში ეჭვის შეტანაა. რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ,ასე გამოხატავენ რესპონდენტები საქორწინო კონტრაქტებისადმი  ანტიპათიას სხვადასხვა დროს ჩატარებულ კვლევებში. 
wedder.ge დაინტერესდა საქართველოში ბოლო წლებში რეგისტრირებული საქორწინო კონტრაქტების რიცხვით. ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით  სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტს -ანა ფუტკარაძეს.


,,ორგანიზაცია „ახალაგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა. შესწავლის ფარგლებში, ინტერესი შეეხებოდა 2015-2018 წლებში, საქორწინო ხელშეკრულების რეგისტრაციას, დადებული კონტრაქტების გაუქმების მაჩვენებელს, საქორწინო კონტრაქტის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ამ ხელშეკრულების მხარეთა ასაკობრივ მაჩვენებელს. ამასთან, ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია დასახელებულ პერიოდში განქორწინების სტატისტიკის თაობაზე. ამასთან, ინფორმაცია, 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რამდენი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ დასმული შეკითხვა მდგომარეობდა, თუ რამდენი სარჩელი დარეგისტრირდა საქორწინო კონტრაქტის შეცვლისა და შეწყვეტის მოთხოვნით.  ამ დროის განმავლობაში საქართველოში სანოტარო წესით დამოწმდა 151  საქორწინო კონტრაქტი. ამასთან, დაცული მონაცემების მიხედვით, მხარეებმა გააუქმეს 3 საქორწინო ხელშეკრულება. ერთიანი ელექტრონული რეესტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქორწინო ხელშეკრულების მონაწილე პირების ასაკის შესახებ ინფორმაცია არ მუშავდება. უცნობი რჩება კონტრაქტის სტანდარტული პირობებიც, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულების პირობებს განსაზღრავენ ინდივიდუალურად. ამასთან, ადგილი აქვს სამწუხარო რეალობას, როდესაც სასამართლო არ ახდენს მოთხოვნილი დავის საგნით ინფორმაციის (გადაწყვეტილებების) სტატისტიკურ აღრიცხვას. ორგანიზაცია აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და განახლებული მონაცემებსაც (2019-2020 წწ) უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.''    


 რთულია სათქმელია, რამდენად ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტია საქორწინო კონტრაქტი საქართველოში და კიდევ უფრო რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის შეიცვლება კონტრაქტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და როდიდან განიხილავენ მას, როგორც ქორწინებისა თუ გაყრის ცივილურად გადაწყვეტის გზას. 
 

 ავტორი: თამთა ჯინჯოლავა
 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый