Добавление компании

რომელია სამი პრობლემა ქორწილში, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ფოტოგრაფს, საუკეთესო კადრების დაფიქსირებაში ხელს უშლის?

10872

ექვს თებერვალს, "The Biltmore Tbilisi"-ში, პირველი ქართული საქორწილო პრემიის “Wedding stars awards 2019”-ის დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოვების მიზანი, მაღალი ხარისხის სტანდარტის
ჩამოყალიბება და საქორწილო ინდუსტრიის საუკეთესო ნაშრომების წარდგენა გახლდათ. სწორედ აქ გავიცანით პერსონალურად, ქართველი ფოტოგრაფი აჩი კორღალიძე, რომელიც პრემიის ორგზის დაჯილდოვებული გახლავთ და wedder.ge-ს უპირობო რჩეული. 

 

აჩი კორღალიძის ინტერესს, ფოტოგრაფიისა და კამერის მიმართ, ფესვები ღრმა ბავშვობაში აქვს. მისი ამჟამინდელი საქმიანობა კი ქართულ საქორწილო ფოტოგრაფიაში, ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეულია. გთავაზობთ ინტერვიუს ფოტოგრაფთან, რომელსაც არაერთი ქართველი და უცხოელი წყვილის, მნიშვნელოვანი დღის შთამბეჭდავი კადრები შეუქმნია და დაუფიქსირებია.

 

 

- აჩი, პირველ რიგში ტრადიციულად დავიწყოთ და  წარმოგვიდგინე შენი თავი. ვინ ხარ და როგორ ცხოვრობ?

 

- გამარჯობა. მე ვარ აჩი კორღალიძე ფოტოგრაფი. ვცხოვრობ თბილისში მეუღლესთან, 2 ბიჭთან და 2 ძაღლთან ერთად(ფაქტიურად მრავალშვილიანი მამა ვარ) კერძო სახლში, სადაც დიდი ბაღი დროის საინტერესოდ გატარების საშუალებას გვაძლევს. როდესაც „კორონავირუსი“ გადაივლის, ჩემს ბაღში მოყვანილ ბიულოგიურად სუფთა მარწყვზე დაგპატიჟებთ.

 

 

- რატომ ფოტოგრაფია? როდიდან დაინტერესდი ამ საქმიანობით?

 

- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, ბიძაჩემის „ზენიტით“ გადაღებული ოჯახური ფოტოების თვალიერება და მუდმივად განვიცდიდი ფოტოგრაფიისადმი ინტერესს. მსიამოვნებდა იმ ადამიანების ახალგაზრობის ყურება, რომლებიც უკვე მოხუცები იყვნენ. საინტერესო იყო მათი ჩაცმის სტილი, ემოცია...  2009 წელს პირველი ფოტოაპარატი „Nikon D90“ შევიძინე, რითაც ყველაფერი დაიწყო. ვცდილობდი  ემოციური. კოლორიტული სახის მქონე მოხუცები გადამეღო, რაც იმ დროისთვის ერთგვარი ტრენდიც იყო და ფოტოგრაფები ჩვენი ნამუშევრებით, საიტებზე PIXKIK.GE  და Graf.Ge(თუ სწორად მახსოვს) ვაწონებდით თავს.

 

 

- საქორწილო მიმართულებით, შენი, პერსონალური საქმიანობა გამოჩეულია. ქორწილების გადაღება ძირითადად შემოსავლის წყაროა ხოლმე და ფოტოგრაფებს სინამდვილეში ურჩევნიათ, სხვა რამეს იღებდნენ. შენს შემთხვევაში როგორ ხდება? არის თუ არა ეს ის საქმე, რისგანაც ფინანსური დაინტერესების გარეშეც იღებ სიამოვნებას?

 

- დიდი მადლობა. იცით როგორაა? თუ ამ საქმეში მხოლოდ ფინანსური დაინტერესება გაქვს, ჩემი აზრით ვერ დადებ რაიმე განსაკუთრებულ შედეგს. ქორწილი ხომ ორი ადამიანის გრძნობის ყველაზე მწიფე ეტაპია?! ასე რომ სადაც გრძნობებია, მაგარი ამბები ხდება, ბევრი ემოციაა და „კადრებზე ნადირობას“ იწყებ. მითუმეტეს თუ გაგიმართლებს და ძალიან საინტერესო ქორწილი აღმოჩნდება, სამუშაო პროცესში ფინანსური ნაწილი, მეორეხარისხოვანი ხდება.

 

 

- რა არის მთავარი, კარგი ფოტოს გადასაღებად და რამდენად გემორჩილებიან ან გეურჩებიან წყვილები? რა პრობლემებს აწყდები საქმიანობაში?

 

- რა თქმა უნდა მეც ვიყავი იმ ეტაპზე როცა ისე არ გამომდიოდა ეს საქმე როგორ ახლა. ზოჯერ აპარატურას ვაბრალებდი, ზოგჯერ წყვილს, რომელიც არ ამყვა.  მერე ცოტა საკუთერ თავზე ვიმუშავე და მიხვდი, რომ ყველაფერი ქორწილამდე იწყება, წყვილთან შეხვედრისას, სადაც ყველა იმ პრობლემის თუ სიტუაციის ახსნა გიწევს, რაც შესაძლოა ქორწილის დღეს განვითარდეს. ეს შეიძლება იყოს გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ან „მიდი, ძმურად ერთიც გადამიღე ჩემ ძმასთან“ ძმაკაცი... როცა წყვილი ყველაფრისთვის მზადაა, კადრების და ფოტოების მთავარი წინაპირობაა. რა თქმა დიდი მნიშვნელობა აქვს მათ განწყობას, მაგრამ  განწყობაც შეიძლება ფოტოგრაფმა, საჭიროების მიხედვით შექმნას.

 

რაც შეეხება სხვა პრობლებებს, რომლებსაც დღის განმავლობაში შეიძლება შეიქმნას: ქართული ქორწილის ფორმატი - საღამოს 6-7 საათზე რესტორანში უნდა იყო და შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოებისთვის საჭირო სინათლეს „მაზავ“; არაორგანიზებული სტუმრები(მაყრიონი) - ეს ისეთი თემაა, რომელზეც შეიძლება ცალკე ინტერვიუშიც ვისაუბროთ და მესამე - მისიიიი აღმატებულებააა სიძე ბატონი. საბედნიეროდ ბოლო დროს,  აღნიშნული პრობლემები აღარ მექმნება. ალბათ იმიტომ, რომ მე ისეთი წყვილები მპატიჟებენ ქორწილებში, რომელთათვისაც ფოტო პრიორიტეტია.

 

- ეტაპობრივად, ტრადიციულ სივრცეებზე(რესტორნები, დარბაზები) მეტად, წყვილები არასტანდარტულ, ღია სივრცეებს ანიჭებენ უპირატესობას. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია გარემო და რომელში უფრო საინტერესო სამუშაო პროცესი გაქვს?

 

- კარგი ფოტოსესიისთვის, გარემო ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფოტოსესია მიმდინარეობს მთაში, გაცილებით მაღალ ხარისხს ვიღებთ. ჩვენი რესტორნების ყველაზე დიდი პრობლემა განათებაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთ რესტორანს, არ აქვს გათვლილი, როგორ მასალას წაიღებს ფოტოგრაფი ან ვიდეოგრაფი მათი სივრციდან. რაც თვალისთვის კარგია და ლამაზი, კამერას „არ მოსწონს“ და ფოტოებზეც ძალიან ცუდად ისახება ერთი შეხედვით მოდური ვარდისფერი და მუქი ლურჯი შუქები. სწორედ ამიტომ მიყვარს მუშაობა მთაში, ღია სივრცეში, სადაც შუქს მე ვაკონტროლებ.
 

 

- გქონია თუ არა გამორჩეული ქორწილი(კარგი, ცუდი), რომელიც ყველაზე ძალიან დაგამახსოვრდა?

 

- 2019 წელს 106 ქორწილი გადავიღე. ზოგი ქორწილი იმით იყო განსაკუთრებული, რომ წყვილთან ძალიან დავახლოვდი და დღემდე ვმეგობრობთ. ერთ-ერთ წყვილს ბავშვიც მოვუნათლე.  მაგრამ ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, განსაკურთებულად აღსანიშნავი მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4,100 მეტრზე, 2 დღიანი ფეხით  მგზავრობის შემდეგ გადაღებული ქორწილია. თავიდან, ჩემი სიმაღლის შიშის გამო, ამ პროექტზე უარის თქმა მინდოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რა მასალასაც ჩამოვიტანდი და შიშიც გადავლახე.

 

 

- შენ საქართველოში პირველი საქორწილო დაჯილდოვების „Wedding Stars Awards”-ის ერთ-ერთი მონაწილე და მრავალგზის გამარჯვებული ხარ, მათ შორის ჩვენი რჩეული. რატომ გადაწვიტე მონაწილეობა მიგეღო ამ კონკურსის პირველივე დაჯილდოვებაში, რა გამოცდილება ან შედეგები მოგიტანა კონკურსმა?

 

- კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი თავის გამოცდის ერთ-ერთი საშუალებაა. როცა კონკურსში მონაწილეობ, ე.ი. შენს თავს გამორჩეულად თვლი. ძალიან გამიხარდა, რომ რასაც ვქმნი ფასდება - ეს საუკეთესო საშუალებაა სტიმულისთვის, ახალი სისხლის გადასხმასავითაა. გარდა ამისა, რამდენიმე ახალი სააგენტოც დაინტერესდა ჩემით, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როცა ვირუსის გავრცელების საშიშროება აღარ იქნება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით.
 

 

- შენი აზრით, რამდენად აქვს საქართველოს, როგორც საქორწილო ბაზარს, გახდეს საინტერესო საქორწილო სივრცე უცხოელი წყვილებისთვის? გიწევს თუ არა უცხოელი წყვილის გადაღება და ძირითადად რა ეროვნების?

 

- ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ისეთ ხარისხზე ავიდეს, რასაც უცხოელები არიან მიჩვეულები, ქართული ლამაზი სტილით და აქ პრობლემები უფრო კომპლექსურია -  ვიდრე უცხოელს აღარ აღვიქვამთ, როგორც „ფულის ტომარას“, მანამ დავკარგავთ განმეორებულ ვიზიტს, ბევრ ახალ ქორწილს და ბევრ პოტენციურ მეგობარს. ამ ტიპის პრობლემებს, ყველაზე ხშირად აბანოთუბნის ტერიტორიაზე და გუდაურში ვაწყდები.

 

უცხოელ წყვილებთან მუშაობა ძალიან ხშირად მიწევს, უმეტესად სლავური ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაგრამ მყოლია წყვილები შანხაიდან, დუბაიდან, მასკატიდან(ომანის სასულთნო, არაბეთი). დუბაელ წყვილს ყაზბეგში „ლავ სთორი“ გადავუღე. ჩემებურად, ტრადიციული ქართული გამასპინძლების შემდეგ თბილისში, სასტუმროსთან მივაცილე და ერთი ბოთლი ოჯალეშიც დავუტოვე, საღამო რომ უფრო გემრიელად დასრულებინათ. დამპირდნენ, რომ მათ გრანდიოზულ ქორწილს დუბაიშიც, სწორედ მე გადავიღებდი. ასეც იყო 16-17-18 აპრილს მათთან უნდა ვყოფილიყავი. ბილეთებიც ნაყიდი იყო სასტუმროც დაჯავშნილი, თუმცა ვირუსმა ყველაფერი გააფუჭა.

 

 

- მსოფლიოში და ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, პარალიზებული გახადა მსოფლიოს ეკონომიკური საქმიანობები. მნიშვნელოვნად დაზარალდა საქორწილო ბაზარიც. როგორ აისახა ეს შენზე და როგორ ფიქრობ, რამდენად შეძლებ ამ პერიოდის კომპენსირებას, როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით?

 

- ყველასთვის ძალიან რთული პერიოდია, არც მე ვარ გამონაკლისი. ბევრი რამ გადავდე, ბევრიც საერთოდ გავაუქმე. არ მინდა, რომ ასეც იყოს, მაგრამ ვფიქრობ ვირუსის შემდგომი პერიოდის რაღაც ნაწილი, ადამიანებს გონს მოსასვლელად დასჭირდებათ. თავიდან მცირე რაოდენობით, გამბედავი წყვილების ქორწილები გვექნება. მე და ჩემი გუნდი ვფიქრობთ ფასების დაწევაზეც, რადგან ამ პერიოდში, თითქმის ყველა გამოიყენებს თავის დანაზოგს. მინდა მე და ჩემმა გუნდმა, ამ ჟესტით გამოვხატოთ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა. ყველაფერი ძალიან რთული იქნება, თუმცა ამ ყველაფრის კომპენსირებას აუცილებლად შევძლებთ.

 

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

 

- როგორც უკვე გითხარით, დუბაიში უკვე მელოდება ქორწილი. ასევე მაქვს რამდენიმე მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ძალიან მინდა ძალები, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოვსინჯო.

 

 

- აჩი, მადლობა ინტერვიუსთვის და ვიმედოვნებ, მალე დაიბრუნებს შენი კამერა, აქტიური ცხოვრების რეჟიმს!

 

- პირიქით დიდი მადლობა თქვენ! მინდა წარმატებები გისურვოთ და ჩემ კამერასთან ერთად, თქვენც მალე დაუბრუნდეთ გიჟურ სამუშაო რეჟიმს.

 

აჩი კორღალიძის საქორწილო ფოტოშემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ აქ: Wedding Photo Production


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4792

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый