რამდენიმე ხნის წინ, ძალიან საყვარელი და პოზიტიური ბებოს და ბაბუს ჯვრისწერის ფოტოებმა, სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა და საზოგადოების სიყვარული დაიმსახურა. ვინ იყო ეს განსაკუთრებული წყვილი და ვის ეკუთვნოდა "პროექტის" იდეა, ამის შესახებ, ფოტოგრაფი გიორგი ტორონჯაძე, იგივე ტორო გვესაუბრება.
"- პირველი ვიყავი, ვინც ეს პროექტი გააკეთა და ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა მაშინ და ფოტოები დღემდე ბევრგან მხვდება. ჩვენი გვერდიდანაც უამრავი გაზიარება ჰქონდა. ეს საყვარელი წყვილი, ჩემი მეუღლის ბებია და ბაბუაა. ერთხელ, როცა ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე, ასაკოვანი წყვილის ფოტო ვნახე, გაჩნდა იდეა: „რატომაც არა, მოდი გადავიღოთ!“ - და ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი მეუღლე, ჩავედით თელავში ბებია-ბაბუასთან. წავიღეთ დაწნული გვიგვინი და მეორეულში ნაყიდი ძალიან ლამაზი კაბა, დავწერეთ ჯვარი, ფოტოები გადავიღეთ ნადიკვარზე, თელავში. ძალიან ბევრი ვინერვიულე ამ პროექტზე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
- როგორი იყო ამ განსაკუთრებულ წყვილთან მუშაობა?
- ცოტა რთული იყო, მაგრამ როგორც ქორწილებში, აქაც ეს ხერხი გამოვიყენე, ფოტოებს ვიღებდი მაშინ, როცა ფიქრობდნენ რომ საერთოდ არ ვიღებდი. ეს ყოველთვის მეხმარება ნამდვილი ემოციის დაჭერაში. საბოლოო ფოტოების ჩაბარებისას, წყვილი ხვდება, რომ იდეალური ფოტო გადავიღე მაშინ, როცა ეგონათ, რომ არ ვუღებდი და ხვდებიან, რომ უნდა დაეჯერებინათ ჩემთვის. ამ წყვილთანაც იგივე მიდგომა მქონდა და გაამართლა."
კომენტარები